გულახდილი საუბარი
eko | იან 18, 2010 | კომენტარები 0
ქალების 85%-ს სურს, მის სადღესასწაულო განწყობაზე საყვარელმა მამაკაცმა იზრუნოს.
სადღესასწაულო
ოცნებები
მთელი ცხოვრება მინდოდა, რომ შობა-ახალ წელს ევროპის რომელიმე ქვეყანაში შევხვედროდი. შარშან მთელი წლის განმავლობაში ვაგროვებდი ფულს, რომ ოცი დეკემბრის შემდეგ ჩემოდანი ჩამელაგებინა და ათ იანვრამდე არც სამსახურზე მეფიქრა და არც სახლზე. მეგობრების აზრით, ჩემი ოცნება – “შობა-ახალი წელი პარიზში, საუკეთესო სასტუმროს ნომერი მონმარტრზე, ანგარიშზე მინიმუმ 10000 ევრო”- აუხდენელი და ცოტა სულელური იყო. ამიტომ მოკრძალებული ტური დავგეგმე და თვითმფრინავის ბილეთი ამსტერდამის მიმართულებით დავჯავშნე. ვიფიქრე, ევროპა ევროპაა და სადაც უნდა ვიყო, მაინც კარგად გავერთობი-მეთქი. სამსახურში შვებულება ავიღე და მშვიდად ჩავჯექი თვითმფრინავში. კარგად რომ მოვეწყვე, მივიხედ-მოვიხედე და ვიღაცის ყურებამდე გაღიმებული სახე მომხვდა თვალში. კარგად რომ დავაკვირდი, ჩვენი პროექტის ფრანგი კოორდინატორი ვიცანი. აუ, ახლა ამას რა გაუძლებს, ვიფიქრე და სასწრაფოდ რაღაც ჟურნალი ავიფარე სახეზე. ჰოდა, სულ ტყუილად, რამდენიმე წამი დასჭირდა იმისათვის, რომ “ქართულად” მოქცეულიყო და ჩემ გვერდით აღმოჩენილიყო. მთელი გზა მიყვებოდა საკუთარ თავზე, ოჯახზე; მითხრა, რომ საშობაოდ ჰოლანდიაში, დასთან მიდიოდა სტუმრად. ამსტერდამში ჩაფრენამდე მივხვდი, რომ სიამოვნებით გავატარებდი მის გვერდით მთელ ჩემს ამ ნაოცნებარ შვებულებას. მეორე დღეს, როგორც კი თვალები გავახილე, პირველი, რაც გავაკეთე, ჟანს დავურეკე. ზუსტად ხუთ წუთში ჩემთან გაჩნდა, რადგან მასაც ჩემს სასტუმროში აეღო ნომერი. მოგვიანებით მითხრა, გული მიგრძნობდა, რომ შენ ახლოს უნდა ვყოფილიყავიო. მოკლედ, შარშან მშვენიერი ამსტერდამული არდადეგები გამოგვივიდა. წელს კი ორივენი ჩემი ნამდვილი ოცნების ასასრულებლად პარიზში მივდივართ.
ვიკა, 26 წლის
მარჯვე
თავდამსხმელი
სადღესასწაულო დღეები ძალიან მიყვარს, მაგრამ შემდეგ მთელი ერთი თვე მჭირდება გონზე მოსასვლელად. უზომო რაოდენობის საკვები და სასმელი, ცხოვრების არაბუნებრივი რეჟიმი და რიტმი… მოკლედ, ყოველ წელს 15 იანვრიდან 15 თებერვლამდე ვიცავ დიეტას, ფიტნეს-კლუბში დავდივარ და თავს ვიკლავ ვარჯიშით. შარშან ექიმმა მირჩია, რომ გაცილებით ეფექტური იქნებოდა, თუ სადმე ზამთრის კურორტზე წავიდოდი. დიეტასაც დავიცავდი, ჰაერსაც გამოვიცვლიდი და უცხო გარემოში იოლად გადავიტანდი რთულ პერიოდს. შორს ვერსად წავიდოდი, ამიტომ გუდაური იდეალური ვარიანტი იყო. პირველი ხუთი დღის განმავლობაში ყველაფერი მშვენივრად აეწყო: კვება, დასვენება, ფიზიკური დატვირთვა… მეექვსე დღეს ჩემი განრიგი ყირაზე დადგა, რადგან სასტუმროში, სადაც ვცხოვრობდი, ერთ-ერთი საფეხბურთო კლუბის მოთამაშეები დაბინავდნენ. დღე იმით დაიწყო, რომ სასაუზმოდ ჩასულს ჩემი “წმინდა” რიტუალი – დილის ყავა – ვიღაც თავხედმა ჩამიშალა. მაგიდასთან მარტო ჯდომა არ დამაცადა, მოვიდა და არც არაფერი უკითხავს, ისე დაეხეთქა გვერდით სავარძელზე. მთელი ერთი კვირა, საითაც უნდა გამეხადა, ყველგან თვალში მეჩხირებოდა; ხოლო ერთი კვირის მერე უკვე მე ვეძებდი… მისი ძმაკაცები კი დღემდე აღნიშნავენ, რომ ეს მის კარიერაში ყველაზე ეფექტური “თავდასხმა” იყო.
ნანკა, 24 წლის
Filed Under: სიყვარული & სექსი
About the Author:










